გაზეთ "ივერიის" წარდგენა ყაზბეგის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში
 23/06/2026

ყაზბეგის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში პროექტ „გიგანტური წიგნების“ ფარგლებში გამოცემული გაზეთ „ივერიის“ 1886-1887 წლების კრებულების წარდგენა გაიმართა. პროექტის ავტორი და ხელმძღვანელია ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელი ნოდარ დუგლაძე.

ღონისძიებაზე, რომელიც ყაზბეგის განათლებისა და კულტურის განვითარების ცენტრში ჩატარდა, სიტყვით გამოვიდა ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია. მან გაზეთ „ივერიის“ დაარსების ისტორიაზე ილაპარაკა და პროექტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. აღნიშნა, რომ სტეფანწმინდაში, ლელთ ღუნიას სამშობლოში „ივერიის“ ამ გამოცემის დაბინავება სიმბოლურია, რადგან ილიას მიერ „მგზავრის წერილებში“ გაჟღერებული იდეები სწორედ ამ პერიოდული გამოცემის საშუალებით მიეწოდებოდა საზოგადოებას. ეს მოსაზრება გააგრძელა ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის დირექტორმა საგურამოში ანდრო ბედუკაძემ სიტყვით გამოსვლისას.

ღონისძიებას ბიბლიოთეკარებთან ერთად ესწრებოდნენ ყაზბეგის განათლებისა და კულტურის ცენტრისა და საკრებულოს წარმომადგენლები. ადგილობრივმა ფოლკლორულმა ჯგუფმა შეასრულა მუსიკალური ნომრები. პროექტი „გიგანტური წიგნები“ გაზეთ „ივერიის“ ნომრების სრულად აღდგენას, გაციფრებასა და ორიგინალის ზომითა და ფორმით წლიურ კომპლექტებად დაბეჭდვას ითვალისწინებს.

პროექტის ფარგლებში XIX საუკუნისა და XX საუკუნის დასაწყისის სხვა ქართული პერიოდული გამოცემების „გიგანტური“ ასლების დაბეჭდვაც იგეგმება.

პროექტი მიზნად ისახავს ერთი მხრივ ბიბლიოთეკის საცავებში დაცული დედნების გადარჩენას, მეორე მხრივ კი უნიკალური მასალების ხელმისაწვდომობის გაზრდასა და გაადვილებას.